+995 (32) 2322232 \ +995 593 800700
Logging
Signing out
Booking
„ეს ყველამ უნდა ნახოს!“ - მარტვილური ვოიაჟი და ტურისტებისთვის შექმნილი კომფორტი, ანუ მოსანახულებელი ჯერ კიდევ ბევრია

გარემო - კომფორტული, ადგილმდებარეობა - ხელსაყრელი, ატმოსფერო - თბილი, მეგობრული, მომსახურება - უმაღლესი...

ღამის საათები სასტუმრო „მარტვილი პალასში“ გადავაგორეთ და დილის ვოიაჟისთვის მოვემზადეთ...

მოსანახულებელი ჯერ კიდევ ბევრია...

***

ლამაზი დიზაინი, ორიგინალური დეკორი, მშვიდი ფერები...

კონდიციონერი, ტელევიზორი, ბარი, სეიფი, ტანსაცმლის კარადა...

იდეალური სისუფთავე და ზოგადად, იდეალური გარემო...

ოთახს თვალი მოვავლეთ და აივანზეც გავიხედეთ - ყავის დალევაც აქვე შეგვეძლო...

ცხელი/ცივი წყალი და თმის საშრობიც ადგილზეა...

მოკლედ, ძალები მოვიკრიბეთ, ვისაუზმეთ, სასტუმრო კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ და წინა დღეს დაწყებული მარტვილური ვოიაჟიც მეტი მონდომებით განვაგრძეთ.

შემდეგ იყო „ეს ყველა ქართველმა უნდა ნახოს“ შინაარსის გამოსვლები, აღფრთოვანებები, დაუვიწყარი თავგადასავლები, სხვების გაოცებული მზერები (მეტწილად კანიონზე ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დანახვით გამოწვეული) და რაც მთავარია, „სელფები“ ... შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, მთელი თუ არა, ნახევარი მარტვილი ფეხშიშველმა შემოვიარე... იძულებული გავხდი (არ ჩამსვეს 15 სმ-იანი ე.წ. „შპილკებით“ ნავში და ამიტომ)...

თუმცა...

ეს ამად ღირდა...

***

სამონასტრო კომპლექსი, ბუნების შექმნილი საოცრებები – მღვიმეები, ულამაზესი ჩანჩქერები, ბუნებრივი სვეტები - ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მარტვილში მყოფ ყველა ტურისტს უზომოდ აღაფრთოვანებს. სამეგრელოს ამ ულამაზესი ნაწილის ღირშესანიშნაობის მონახულების მსურველებს ტურისტული ფირმები, ძირითადად, ერთდღიან ტურს სთავაზობენ, თუმცა ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას წყალობით, ახლა უფრო ხანგრძლივი ვოიაჟის დაგეგმვაც არის შესაძლებელი. მარტვილის „მერანზე“ მრავალწლიანი და უანგარო ზრუნვის შემდეგ, ბიზნესმენმა საკუთარი კუთხის პოპულარიზაციაზე ზრუნვაც გადაწყვიტა და დინოზავრის ნაკვალევს გამოყოლილ ტურისტებს სამეგრელოს ამ ულამაზესი ნაწილის უკეთ გაცნობისთვის კომფორტულ გარემოში დასვენების და ღამის მშვიდად გათენების საშუალება შესთავაზა - სასტუმრო „მარტვილი პალასი“, რომელმაც ფუნქციონირება სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რამდენიმე სტუმარს უკვე მასპინძლობს.

თამარ ჯიქური, სასტუმროს მენეჯერი: „მარტვილი პალასი“ სტუმრებს 3 * სასტუმროს დონის სერვისს სთავაზობს, რომელიც, ძირითადად, ტურისტული სეგმენტისთვის არის განკუთვნილი.

სასტუმროს ნომრები აღჭურვილია კონდიციონერებით, მინიბარით, ტელეფონით, ამასთან, სტუმრებს უფასო WI -FI ინტერნეტით სარგებლობაც შეუძლიათ.

ტურისტებს ემსახურება კარგად მომზადებული პერსონალი და 24 საათიანი რეცეპცია რომლებიც საუბრობენ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

აქვეა საკონფერენციო დარბაზი და ბიზნესცენტრიც, ასევე ბარი თანამედროვე დიზაინით.

ზაფხულისთვის ეზოში მოეწყობა ღია ბარიც, სადაც სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.

ჩვენ ტურისტებს ვთავაზობთ მშვიდ და წყნარ გარემოს, საინტერესო ტურებს მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე, ასევე მოვინახულებთ მარტვილის ხელოვნების მუზეუმს და მონასტერს რომელიც აგებულია მე-8 საუკუნეში და რომელსაც ხშირად სტუმრობდა დავით აღმაშენებელი. მონასტერში დღემდე არსებობს დავით აღმაშენებლის კელია. ტურისტებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ წმინდანთა უძველესი ფრესკები, რომელიც ტაძრის კედლებზეა შემონახული.

გვაქვს დამატებითი სერვისიც, რომელიც სტუმრების აეროპორტში დახვედრას და მათი სასტუმრომდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გულისხმობს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მიმართულებით.

ფრიდონ ინჯია, ბიზნესმენი, მარტვილის „მერანის“ პრეზიდენტი: ვერ წარმომიდგენია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც საქართველოს ამ მშვენიერი კუთხის მონახულების სურვილი არ გააჩნია. აქ ულამაზესი ადგილებია, რომელიც, სავალდებულოა, ყველა ქართველმა იცოდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უცხოელებმაც გაიგონ. მინდოდა, ჩემს მშობლიურ მხარესაც ჰქონოდა სასტუმრო, რომელიც ადამიანს მარტვილში თუნდაც ერთი ღამის გატარების შესაძლებლობას მისცემდა.

ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ ღირსეულ მასპინძლობას ვერ ვუწევდით ხალხს, ახლა, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მოიხსნა.

მაქსიმალურად შევეცადე, რომ სტუმრისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, სასტუმრო ყველა შესაძლო ინვენტარით თუ რესურსით აღმეჭურვა, რაც ადამიანს კარგად დასვენების საშუალებას მისცემდა. მგონი, ეს გამომივიდა კიდეც.

შევეცადე მომსახურე პერსონალიც ადგილობრივი სეგმენტიდან შემერჩია, რომელსაც კარგად ეცოდინებოდათ მარტვილი ყველა თავისი ღირშესანიშნაობებით და შესაბამისად, სტუმრის დაკვალიანებასაც კარგად შეძლებდა. პერსონალის ტრენინგებით უზრუნველყოფაც მოვახერხეთ. ამაში კი საკმაოდ კვალიფიციური კადრები დამეხმარნენ.

გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენობის იერ-სახე, მას მარტვილის ცენტრი უნდა გაელამაზებინა. მგონი, არც ეს ჩანაფიქრი ჩავარდნილა და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ძალიან ლამაზი შენობა გამოვიდა...

ხელსაყრელია სასტუმროს მდებარეობაც. „მარტვილი პალასიდან“ ერთ კილომეტრში მარტვილის მუზეუმია, 1,5 კმ-ში - მონასტერი, 3 კმ-ში - კანიონი. დადიანების სასახლემდე, რომელიც ასევე მარტვილში მდებარეობს, 15 კმ-ია, ხოლო ოკაცეს კანიონი და ნოქალაქევი 17-17 კმ-ს ითვლის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურვილის შემთხვევაში, ტურისტების ექსკურსიებს თვითონვე დავგეგმავთ და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველვყოფთ.

ასე რომ...

მასპინძლობის შედეგებს კი სტუმრები თავად მოგვახსენებენ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ვფიქრობ, ქართველი და უცხოელი ტურისტები უკმაყოფილოები ნამდვილად არ დარჩებიან...

***

ნანა აქუბარდია, დიზაინერი: საოცარი სანახავია კანიონი, ულამაზესი ხედია ნებისმიერი მიმდებარე ადგილიდან, სულ სხვა ეფექტია, წყალში რომ ხარ და ბუნების მშვენიერებას თვალყურს იქიდან ადევნებ. აღვფრთოვანდი მარტვილის სამონასტრო კომპლექსით, მისი უზარმაზარი და ულამაზესი ეზოთი, სამრეკლოთი, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ასევე ბატონ ფრიდონ ინჯიას აგებულია, მოვინახულეთ დადიანების სასახლეც... გული დამწყდა, რომ ოკაცეს კანიონის და კიდევ რამდენიმე საინტერესო ადგილის ნახვა ვერ მოვასწარით, თუმცა აუცილებლად ვესტუმრებით მარტვილს კიდევ ერთხელ და დაკარგულს ორმაგად ავინაზღაურებთ. მადლობა ღმერთს, ამჯერად აქ დარჩენის და კარგად დასვენების საშუალებაც გვაქვს. როგორც დიზაინერს, ძალიან მომეწონა სასტუმროს ინტერიერი, ოთახებშიც მშვიდი და მყუდრო გარემოა ფერთა შეხამებაც ძალიან კარგია. მოკლედ, დასვენებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.

ნონა უბირია, ფინანსისტი: ყველა ქართველს და არა მარტო ქართველს, ვურჩევ, ესტუმროს მარტვილს. აქაური ვოიაჟით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, მარტვილში ამდენი რამ თუ იყო მოსანახულებელი. ცოტა გავიხანგრძლივეთ კიდეც სიამოვნება, მართალია, იძულებით, მაგრამ მაინც. კანიონებზე ნავი არ მოეწონათ მენავეებს და აღარ გარისკეს ჩვენი უკან გამოყვანა, მეორე გამოიძახეს დაზღვევის მიზნით. საკმაოდ დიდი დრო დავყავით ბუნების წიაღში ამის გამო, განვიტვირთეთ, დრო ვიხელთეთ და ცოტა „ვიპოზიორეთ“ კიდეც, ფოტოებიც ეფექტური გამოვიდა შესაბამისად. იდეალური მასპინძლობა გაგვიწიეს აქაურებმა, სასტუმროშიც კარგად მომზადებული პერსონალი დაგვხვდა, თავაზიანი და რაც მთავარია, ღიმილიანი. კარგად დასვენებული და ნასიამოვნები დავბრუნდი მშობლიურ თბილისში.

***

მარტვილიდან გასასვლელის ძიებაში წრე რამდენჯერმე დავარტყით ქალაქს, ერთსა და იმავე ადამიანს მრავალჯერ ვკითხეთ გზა თბილისისკენ, ხან გზის ერთი მხრიდან დავუძახეთ, -თბილისში როგორ მოვხვდეთო და ხან მეორე მხრიდან მივანიშნეთ სათქმელი... კარგი ნებისყოფა ჰქონიათ მეგრელებს, თავაზიანობის ზღვარს არ გადასულან, ისე აგვიხსნეს რამდენჯერმე მანამდე უკვე არაერთხელ ნათქვამი ... ვინ იცის, შემდეგ წრეზეც გველოდებოდნენ, მაგრამ... გავიკვლიეთ გზა საბოლოოდ მაინც...

გზად თბილისისკენ მარტვილური ვოიაჟის და მასპინძლობის შედეგებზე ჩვენც ბევრი ვილაპარაკეთ და ყველა ჩვენ მიერ გამოთქმული შეფასება უკვე მრავალჯერ ნახსენებ ფრაზაში გავაერთიანეთ - ეს ყველამ ქართველმა უნდა ნახოს!!!

და არა მარტო ქართველმა!

***

P.S. ანუ ბოლოსთვის შემონახული

დადიანების სასახლის ეზო მახსენდება ხშირად... ვიღაც გვიქნევდა ხელს, ახალგაზრდა ბიჭი იყო, ავედით, პატარა ეკლესია იდგა ეზოში, შესამოსელიც იქვე ეწყო ჩვენნაირი უმანდილო მანდილოსნებისთვის. თბილად მიგვიღო იქაურმა მამაომ, არ დაეზარა და ხატების რაობა, წარმომავლობა და ისტორიაც გვიამბო, ლოცვაც წაიკითხა.

ჩვენ უკვე ღმერთისთვის უამრავი სურვილი გვქონდა „გამზადებული“, ვითხოვეთ გულით. სხვისი არ ვიცი და, პირადად მე არაფერი გამომრჩენია...

მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ იმ ბიჭზე, რომელიც ხელს გვიქნევდა ალალად, - აქეთ მოდითო, მერე ეკლესიის გვერდით ჩამოჯდა კმაყოფილი, მის ნებას რომ დავყევით, ბედნიერი იყო აშკარად ამით, გაგვიღიმა, თბილად მოგვესალმა და ასევე თბილად დაგვემშვიდობა...

დავიჯერე, რომ ყველა ჩვენ მიერ ჩაფიქრებული სურვილი აგვისრულდებოდა... ეს ახლაც მჯერა...

და კიდევ, ისიც მჯერა, რომ ის ბიჭი ყველა იქ ჩასულ ტურისტს ასევე თბილად მოიხმობს ეკლესიისკენ...

Booking

+995 (32) 2322232

+995 593 800700

martvilipalace@gmail.com

Newsletter

Subscribe and get special offers

See also